ბავშვობიდან სექტმებრის თვე ახალ დასაწყისთან ასოცირდებოდა. ყველაზე მძაფრი ემოციები სწორედ ამ თვეს უკავშირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ყოველი წლის სეტემბერში ახალი სასწავლო წელი იწყებოდა.
და ეხლაც დადგა მზიანი და ხალისიანი სექტემბერი – ძალიან მძაფრი ემოციების თვე. ემოციური არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. სასკოლო სამზადისი ერთი დიდი თავგადასავალია, რომელსაც თან ერთვის მშობლის და ბავშვის ჯანსაღი და გამართლებული ემოციები.
ემოციების ტალღა ბევრად უფრო დიდია მათთვის, ვინც საბავშვო ბაღს ახლა იწყებს, ან პირველ კლასში სწორედ ახლა შედიან. ალბათ გსმენიათ და არ გაგიკვირდებათ აწ უკვე დამკვიდებული ტერმინის გაგება „განშორების შფოთვა“ ( ე.წ separation anxiety), რომელიც ძალიან ხშირი, ბუნებრივი და ადეკვატურია, თუმცა აუცილებლად დასაძლევი. დასაძლევი როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის/აღმზრდელისთვის, ვინაიდან ეს პერიოდი ორივე ინდივიდისთვის ერთნაირად რთულია.
„ნეტავ ახლა რას შვება ჩემი შვილი? ვისთან თამაშობს? თამაშობს საერთოდ თუ ჩემთან უნდა?
ნეტავ ახლა დედა (მამა/აღმზრდელი) სად არის? ხომ აუცილებლად მომაკითხავს მალე? ამდენ უცხო ადამიანთან ყოფნას სახლში ყოფნა მირჩვენია…“
მშობლისა და შვილების ეს ფიქრები არ დაიძლევა იქამდე სანამ მიჩვეული კომფორტის ზონიდან არ გამოვალთ და არ გადავლახავთ ისეთ ცხოვრებიუსეულ ეტაპებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალ კარს შეგვაღებინებს განვითარების სამყაროში.
წელს ჩვენი შვილებისთვისაც განსაკუთრებულად ემოციური სექტემბერი იყო- ბაღის ახალი ეტაპი და პანდემიის შემდეგ სკოლაში დაბრუნების და ინტეგრაციის პერიოდი. მემგონი, რამდენი შვილიც არ უნდა გვყავდეს, თითოეული მშობლისთვის მაინც ახალი გამოწვევაა თითქოს უკვე განვლილი ეტაპის თავიდან გადალახვა, რადგან ჩვენი შვილები ხომ ერთმანეთისგან მაინც ძალიან განსხვავებული ინდივიდები არიან.
Flying Ace-ის გუნდმა, სხვადასხვა ლიტერატურაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ სკოლაში / ბაღში წასვლის წინა და შემდგომი აქტივობები რამაც ჩვენი ვარაუდით ძალიან გაუმარტივა ბავშვებს ჩვენთან განშორება. (გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ეს რჩევები არ არის სამედიცინო ან სამეცნიერო რეკომენდაციები, არამედ წარმოადგენს ჩვენს მიერ მოძიებულ და შერჩეულ მეთოდიკას)
-
ფიზიკური სითბო: სკოლაში / ბაღში წასვლის წინ ვკოცნით ჩვენი შვილების ხელის გულებს და ვეუბნებით: ჩემი კოცნა შენს ხელებში რჩება, როცა ჩემი კოცნა მოგინდება ხელი სახეზე მიიდე, რადგან დედა ყოველთვის შენთან არის და იქნება.
-
შეთანხმება: სკოლაში / ბაღში წასვლამდე ბავშვს ვაცნობთ მის დღის განრიგს და ვთანხმდებით, თუ რომელი აქტივობის მერე მივაკითხავთ მას.
-
ემოციების გაზიარება: სკოლიდან /ბაღიდან გამოყვანის დროს ვიხრებით ბავშვის სიმაღლეზე და ვეხუტებით ძალიან ძალიან ტკბილად. სწორედ ამის შემდეგ სახლისაკენ მიმავალს, უკვე ვეკითხებით ძალიან დიდი ინტერესით და მოთმინებით თუ როგორი დღე ქონდა, რა მოეწონა ყველაზე მეტად და იყო თუ არა რამე რამაც გააღიზიანა.
-
ერთობა: სახლში მისულს, ვცდილობთ სავახშმოდ მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბოთ, სადაც ავღნიშნავთ ბავშვის დღის მიღწევას (თუნდაც ეს ძალიან მცირედი იყოს) და ჩვენც ვუზიარებთ მას თუ როგორ მოგვენატრა ის იმ პერიოდში როდესაც ჩვენც ჩვენს სამსახურებში ვიყავით.