ხელოვნება ის დარგია რომელიც ყველას აერთიანებს, ყველას უყვარს, ყველას აფერადებს, თუმცა ამავდროულად ძალიან სუბიექტური და ძალიან ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომ არის ალბათ, რომ ამ სფეროში მოღვაწე თითოეულ ადამიანს მისი გამორჩეული და მკაფიოდ გამოხატული ხედვა აქვს, რასაც მის ნამუშევრებში გადმოსცემს და საკუთარ ხელნაწერად აყალიბებს.

მაშინ როდესაც „მფრინავი ასი“-ს  იდეა დაგვებადა და ჩვენს გონებაში დაფარფატებდა, გადავაწყდით ქართველი ხელოვანის თეკლა კიღურაძის ნამუშევრებს და უცებ მივხვდით რომ ჩვენს იდეას ფრთებიც შეესხა, რადგან თეკლას ზუსტად ის ხედვა და სტილი ქონდა რასაც ასე ვნატრობდით. და აი ასე, ერთი ჩანაფიქრით და თეკლას ჯადოსნური ხელწერით შეიქმნა ჩვენი მანტიების მთავარი გმირები: ლოყებაღაჟღაჟებული კეთილი მზე, დინჯი მთვარე, კოსმიური სისწრაფით მქროლავი რაკეტა და ბალანსის ქალღმერთი ცირკის დედოფალი…

„მფრინავი ასი“-ს მანტია მოცმულს, უცებ ძალიან მოგვინდა რომ სულ ცოტახანი ჩვენც გვემოგზაურა თეკლას სამყაროში, რაზეც თეკლაც დაგვთანხმდა და ჯადოსნური მოგზაურობის გზას ერთად დავადექით.

 

თეკლა კიღურაძე: ყველას დღის რუტინაში გვაქვს რამდენიმე ჩვევა და მოქმედებები რასაც სულ ვიმეორებთ, ხატვაც ჩემი ყოვლედღიური რუტინის ნაწილია, რადგან მეხმარება ქაოტური ფიქრების თავმოყრაში და ემოციების დაბალანსებაში. ყველაფერი ეს თერაპია და სულიერი საზრდოა, სწორედ ამიტომ ჩემს საქმიანობას არ აღვიქვამ როგორც საქმეს და ყოველი ილუსტრაცია თუ ნახატის შექმნა უსაზღვრო სიამოვნებაა.
ჩემთვის აუცილებელია ყოველდღიურად ცარიელი ფურცლიდან რაიმე ახლის წარმოდგენა და შექმნა შევძლო, რამდენადაც რთულად ჟღერს იმდენად მარტივიცაა, რადგან მთავარია მიყვე ინტუციას და ემოციებს, ბევრი ფიქრის გარეშე…

ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ბავშვობაა, ამ პერიოდში შეძენილი შთაბეჭდილებები და მოგონებები მთელი ცხოვრებით მოგვყვება. მფრინავი ასის იდეა კი საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის, ვინაიდან ბავშვებს მანტიების საშუალებით ეძლევათ საშუალება რომ იყვნენ იმ ილუსტრაციების მთავარი გმირები, რაც მანტიებზეა დატანილი. სწორედ მფრინავი ასის გუნდთან მუშაობამ უფრო მეტად დამარწმუნა თუ რამდენად მსიამოვნებს სიმბოლოებზე ფიქრი, მათი შეხამება და საბოლოოდ ერთი საერთო ხასიათის შექმნა. ნამუშევრებზე ფიქრის და შექმნის დროს ხშირად ვიხსენებ ბავშვობის მოგონებებს, ვიხსნეებ რა მომწონდა მაშინ , რითი ვერთობოდი, რა მიზიდავდა და რას ვაქცევდი ყველაზე დიდ ყურადღებას. პირადად ჩემთვის, ყველაზე მთავარი შთაბეჭდილება და შთაგონება ცას მოაქვს. ალბათ ყველა დავწოლილვართ ბალახზე და საათობით უსაზღვრო ცისთვის თვალი არ მოგვიწყვიტავს იქნება ეს დილით თუ ღამით. მზე, მთვარე, ვარსკვლავები, კოსმოსი და უსასრულობა. ეს არის რაც ყოველღიურად მაოცებს. ერთ-ერთი მანტია შევქმენით ცირკის თემატიკაზე, ჩემთვის ყოველთვის შთამბეჭდავია ჟონგლიორების და სხვა ჯადოქრობების ხილვა. გოგო რომელიც ჟონგლიორობს რეალურად ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია, მისი რეფერენსის მიხედვით კი ავაწყვე პერსონაჟი რომელიც ძალიან შემიყვარდა… ეს გოგო ჩვენი საუკეთესო მეგობარი გახდება, როგორც პეპი, ტომ სოიერი, ჰეკლბერი ფინი და სხვა..

ჩემი ნამუშევრები სიზმრები, მოგონებების, ჩემი წარმოსახვის, ოცნებების, ფიქრების, არაამქვეყნიური რეალობების და პარალელური სამყაროების ნაწილია. პერსონაჟებს ყოველთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა და პალიტრა აქვთ. სიმბოლოებზე ფიქრი ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რითიც შემდეგ ვქმნი პატერნებსაც. ეს ყველა ემოცია კი ფიქტოგრაფიულად ბავშვობიდან იღებს სათავეს, ამიტომ ბავშვობის წლები ყველაზე ჯადოსნურია… ეს სწორედ ის დროა როცა ფრთები უნდა შევისხათ და ვიფრინოთ მაღლა, ცის კამარამდე და მის მიღმიერ არსებულ არაამქვეყნიურ სამყაროში სადაც ჩვენი წარმოსახვა ხარობს.

 

Author flyingace